დასუფთავების სპეციალისტი

Ссылка

კომპანია „დრ.როდგერ სერვის მენეჯმენტი“ აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სპეციალისტის პოზიციაზე — მამაკაცი.
სამუშაოს აღწერა : სპეც სისტემაზე მუშაობა, ფასადების წმენდა.
სამუშაო დღეები — ყოველდღე (8 საათიანი სამუშაო გრაფიკი)
დასვენა კვირაში ერთი დღე — მცოცავი გრაფიკით.
ანაზღაურება — 900 ლარი + ბონუსი დამატებით სამუშაოებზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
— მართვის მოწმობა — B კატეგორია.
— გამოცდილება ამ სფეროში, კერძოდ შუშების წმენდაზე
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე — 595 229 697.

 

თანამედროვე თეთრეულის სამრეცხაო

                           თანამედროვე თეთრეულის სამრეცხაო

 

წლის 6-10 ნოემბერის  პერიოდში ქ.ანტალიაში კომპანია Diversey-მ ჩაატარა ტრეინინგი Cornelia Diamond Golf Resort Spa 5*-იან სასტუმროში თემაზე:

თანამედროვე მიდგომები კომერციული სამრეცხაოსთვის

Up-to-date Approaches for Commercial Laundries

ტრეინინგს ატარებდა საერთაშორისო გუნდი Simon Nico Hommes-ის ხელმძღვანელობით.

კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან Diversey-ს წარმომადგენლები, მათ შორის კომპანია კლინტექის გუნდი.

განხილული თემები:

  1. ტექსტილი
  • სასტუმროს კლიენტის მოლოდინი — ტექსტილის ხარისხი, მომსახურება, სერვისი.
  • რბილი პირსახოცი — წყლის ხარისხი, საშრობი, ტექსტილის გავლენა, ქსოვის მეთოდი, მარყუჟების სიგრძე
  • თეთრეული — შემადგენლობა, ბრენდირება, ბამბის ხარისხი, დაზიანება და სიცოცხლის ხანგრძლივობა და ა.შ

  1. თანამედროვე სარეცხი მანქანების მუშაობის პრინციპები
  • მანქანის ზოგადი აღწერილობა
  • რეცხვის ტიპები და პროცესი
  • რეცხვის ფორმულა — წყალი, დრო, ტემპერატურა, მექანიკური აქტივობა, ქიმიკატი

  1. Clax მასტერი — სააუდიტო პროგრამა
  • დამოწმებული ჰიგიენა და დიზინფექციის სტანდარტები
  • რეცხვის პროცესის ოპტიმიზაცია
  • თეთრეულის სიცოცხლის ციკლის ხანგრძლივობა
  • ენერგორესურსების დაზოგვა

  1. Clax Megic + Demo
  • ლაქების ამოცნობის ეტაპები და საფეხურები (ამოცნობის 3 გზა)
  • ლაქების ამოყვანის მეთოდები
  • ლაქების გავლენა კლიენტებსა და ბრენდის რეპუტაციაზე
  • რუხი, ყვითელი, სტანდარტების გაზომვა და პრობლემების გადაწყვეტა
  • ლაქების ცხრილი და ეფექტურად ამოყვანის მეთოდები
  • ცილის, ჟანგის და სხვადასხვა სახეობის ლაქების ამოყვანა კონკრეტული ქიმიკატების მეშვეობით

  1. Spa/პირსახოცები
  • პირსახოცების ნაირსახეობა, რეცხვის ეტაპები და ტემპერატურები
  • სხვადასხვა ლაქების იდენტიფიკაცია, ამოყვანა და რეცხვის პრინციპი
  • მათეთრებლისა და მექანიკური დაზიანება
  • თანამშრომლების პასუხისმგებლობა

 

  1. სამრეცხაოს სერვისი/ახალ კლიენტებთან ურთიერთობა
  2. წყლის ხარისხი და ინფრასტრუქტურა

 

კონფერენციის შედეგად ჩატარდა შესაბამისი ტესტირება, სადაც კლინტექის გუნდის ცოდნა შეფასდა მაღალ დონეზე, რის დასადასტურებლად მიღებულ იქნა შესაბამისი სერთიფიკატები.

დაგეგმილია რეგულარული ტრენინგები ტექსტილის მოვლასთან დაკავშირებით საქართველოში, ჩვენი სპეციალისტის თეონა გიუნაშვილის მიერ.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: tg@cleantech.ge

ჩვენი საქმიანი წინადადება!

თუ თქვენ ან თქვენი კომპანია ამარაგებს საშუალო და მცირე დაწესებულებებს:

  • ჰიგიენური ქაღალდით
  • თხევადი საპნით
  • ნაგვის პარკებით
  • სარეცხი საშუალებებით
  • ხელთათმანებით
  • არომატიზატორებით
  • და სხვა სამეურნეო საქონლით

 

ან ამარაგებთ კვების პროდუქტებით და გნებავთ გააფართოვოთ ასორტიმენტი სასტუმროში, რესტორანში, ოფისებში.

ჩვენ გთავაზობთ ჩვენს მიერ წარმოებულ და იმპორტირებულ საქონელს საბითუმო ფასში და გარანტირებულ მარჯას.

დაგვიკავშირდით:

ლევან ხოჭოლავა — lx@diversey.ge

www.zoma.ge

Dr.Rodger Service Management და CleanTech — თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი მსოფლიო დონის ლიდერებთან

— პატარა უთანხმოება გვაქვს „მაკდონალდსის“ ხალხთან. იმათ კაფეს „McDonald’s”-ი ჰქვია, ჩემსას — „McDowell“-ი. ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ლოგოდ იმათაც ოქროსფერი „M” აქვთ და მეც ოქროსფერი „M” მაქვს. იმათ „ბიგმაკი“ აქვთ, მე კი  „ბიგ მიკი“. ორივე საქონლის ხორცს ვიყენებთ, სპეციალურ სოუსებს, ყველს, მარინადს, სალათის ფოთლებს, ხახვს. იმათ ფუნთუშებს რაღაცა აყრია, ჩემსას კი არა.

ამ სიტყვებით იწონებს თავს გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების პოპულარული კომედიის, „მოგზაურობა ამერიკაში“ (Coming to Amerika)  ერთ-ერთი გმირი, სწრაფი კვების არცთუ ისე სახარბიელო რეპუტაციის მქონე ობიექტის მფლობელი კლიო მაკდოუელი პოტენციური სასიძო და ზღაპრული ქვეყანა ზამუნდის პრინც ედი მერფის პერსონაჟთან. ამ ამპარტავან და მედიდურ კაცს წარმოდგენაც არა აქვს, რომ მსოფლიოში სახელგანთქმულ ფირმასთან კონფლიქტის ნაცვლად, ძალიან წარმატებული თანამშრომლობაც შეიძლება. რისი ნათელი მაგალითიცაა კომპანია „Diversey”, რომელიც აგერ უკვე 60 წელზე მეტია აქტიურად თანამშრომლობს „McDonald’s”-თან. კომპანია „CleanTech”-ი კი 10 წელზე მეტია „Diversey”-ის ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოში.

ჯერ ორიოდე სიტყვა სწრაფი კვების რესტორნების ამ უმსხვილეს ქსელსა და მსოფლიო ლიდერზე, რომლის არსებობის ისტორიაც მე-20-ე საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება. მას შემდეგ, რაც მაკდონალდების ოჯახი მანჩესტერიდან ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და ძმებმა რიჩარდ და მაურისიო (დიკი და მაკი) მაკდონალდებმა გადაწყვიტეს მოენახათ მძღოლებისთვის მანქანიდან გადმოუსვლელად სწრაფი კვების გემრიელი და ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზების მეთოდი. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, 1940 წელს  ძმებმა მაკდონალდებმა პირველი რესტორანი კალიფორნიაში, სან-ბერნარდინოში გახსნეს: სამზარეულოს მთელი მოწყობილობა უჟანგავი ფოლადით შეცვალეს და შრომის მაქსიმალურად გამარტივების პრინციპით: ერთი კაცი წვავს ჰამბურგერს, მესამე ასხამს კეტჩუპს, მეოთხე ამატებს სალათის ფოთოლს და ა.შ. მინიმუმამდე შეამცირეს ანაზღაურება და შესაბამისად, პროდუქციის ფასებიც. პროდუქციის ღირებულებაზე ასევე წარმატებულად იმოქმედა, ძმების მეორე ინოვაციამ —  ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენებამ, რამაც მთლიანად გამორიცხა ჭურჭლის რეცხვისა და მიმტანების ხარჯები. „McDonald’s”-ი თავისი მაღალი ხარისხითა და დაბალი ფასებით ზუსტად მოერგო ომისშემდგომი ამერიკის ,,სულს“ და თეთრ-წითელი ფილებით მოპირკეთებული და დახრილ სახურავზე ყვითელი თაღებით მორთული შენობა  ძალიან მალე იქცა სწრაფი კვების ინდუსტრიის უცვლელ სიმბოლოდ, რომლის ქსელიც უსწრაფესად მოედო მსოფლიოს ხუთივე კონტინენტს. მას შემდეგ მთელ მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც თავისი სიცოცხლის მანძილზე ერთხელ მაინც რომ არ ყოფილიყოს „McDonald’s”-ში და არ გაესინჯოს „McDonald’s”-ის  საფირმო პროდუქცია: ,,ბიგმაკი“, ,,ფიშმაკი“, ,,მაკმაფინი“, ,,მაკნაგეტსი“ და სხვა.

საქართველოში „McDonald’s”-ის პირველი რესტორანი თბილისში 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას მერე თავის სეგმენტში მუდმივი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. ამჟამად ჩვენთან „McDonald’s”-ის 11 რესტორანი ფუნქციონირებს: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში. ქართულ „McDonald’s”-ს, როგორც
საუკეთესო კომპანიას საქართველოში მიღებული აქვს ჯილდო უმაღლესი სერვისისთვის, ასევე, ჟენევაში ხარისხის საერთაშორისო კონვენციაზე მინიჭებული აქვს „ოქროს კატეგორია“ (საუკეთესო ხარისხისა და სერვისისთვის), ფრანკფურტში დაჯილდოვდა საუკეთესო ხარისხისთვის, ფონდი — „ქართული ხარისხის“ მიერ მინიჭებული აქვს „ხარისხის ნიშანი“ და რაც მთავარია, ჰყავს უამრავი ერთგული მომხმარებელი. მას ყოველდღიურად საშუალოდ 15 000 ყველა ასაკის ადამიანი და განსაკუთრებით — ბავშვები სტუმრობენ.

„McDonald’s”-ის ცენტრალურმა ოფისმა ევროპაში, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, McDonald’s Georgia ინოვაციების შემოტანისა და დანერგვის, ხარისხის, ხარისხის კონტროლისა და სხვა მაჩვენებლებში მიღწეული წარმატებებისათვის 2016 წლის საუკეთესო კომპანიად დაასახელა რეგიონში. ,,დაიმსახურო  წოდება ,,საუკეთესო“, ისეთ  ქვეყნებს შორის, როგორებიცაა ავსტრია, ბელგია, პორტუგალია, ფინეთი და სხვები, ქართული „McDonald’s”-ისთვის ძალზე დიდი პატივია, რომელიც თავისთავად განაპირობებს კიდევ უფრო მაღალ პასუხისმგებლობასა  და უზარმაზარ სტიმულს სამომავლო განვითარებისათვის“ — ასე პასუხობენ მიღწეულ წარმატებას ქართული „McDonald’s”-ის მესვეურები. მათი აზრით, მიღწეული წარმატებები განპირობებულია კომპანიის ხედვით, სტრატეგიული პრიორიტეტების ზუსტად განსაზღვრით, მომსახურების მაღალი ხარისხით, მომხმარებლის მოთხოვნილებაზე ორიენტირებული მიდგომით, სისუფთავით, ხარისხის კონტროლით, ინოვაციების დანერგვით, ბიზნესის განვითარებითა და სხვა ინდიკატორებით. ახლახან თბილისში გაიხსნა უმაღლესი სტანდარტების კატეგორიის მქონე „McDonald’s”-ის ლოგისტიკის ცენტრი, რომელიც კავკასიაში უმსხვილესი ობიექტია და გათვლილია 30 რესტორანზე.

ქართული „McDonald’s”-ის წარმატებით აგრძელებს ძმები მაკდონალდების დაწყებულ საქმეს და განსაკუთრებით ერთგულია მათი  პრინციპების: მკაცრად განსაზღვრული მენიუ, ხარისხიანი საკვები, კონვეიერული ხაზის ტიპის წარმოების სისტემა, სწრაფი და კეთილგანწყობილი მომსახურება, მომსახურების კულტურა, ხელმისაწვდომობა, რასაც ემატება სისუფთავისა და უსაფრთხოების მაღალი ხარისხი.

აქ რადგან სიტყვა ,,სისუფთავე“, სტატიის დასაწყისში კი ,,წარმატებული თანამშრომლობა“ ვახსენეთ, დროა დავუბრუნდეთ ძირითად სათქმელს და აღვნიშნოთ, რომ „McDonald’s”-ი საუკეთესო ხარისხის შესანარჩუნებლად ნებისმიერ პროდუქციას მხოლოდ თავისი დარგის ლიდერებთან უკვეთავს. ამიტომაც თავისი სამზარეულოების ჰიგიენასა და სისუფთავეზე ზრუნვას მხოლოდ ამ დარგის მსოფლიო ლიდერს, კომპანია „Diversey”-ის პროდუქციას ანდობს.

ისევე, როგორც „მაკდონალდსი“,„Diversey”-იც აბსოლუტური ლიდერია თავის სფეროში — დალაგება-დასუფთავების ბიზნესში და ეს პოზიცია მან არა მხოლოდ მომწოდებლის სტატუსით, არამედ კლიენტურასთან მჭიდრო პარტნიორობითაც დაიმკვიდრა. „Diversey”-ი ყოველთვის ითვალისწინებს მომხმარებლის მოთხოვნებს და ცდილობს არა მარტო ზუსტად უზრუნველყოს ისინი, არამედ  შემკვეთის მოლოდინსაც გადააჭარბოს. მაგალითად, ინდოეთში, სადაც წყლის მწვავე დეფიციტია, „Diversey”-მა კონკრეტულად „McDonald’s”-ისთვის შეიმუშავა საპირფარეშოების მოვლის ინოვაციური სისტემა „Sealed Air”, რომელმაც 17 მილიონი გალონი წლისა და 48 ათასი აშშ დოლარის ეკონომიის გარდა, წყლით უზრუნველყო 30 ათასი ადამიანი.

„Diversey”-ის პარტნიორები არიან თავისი ინდუსტრიის ისეთი მსოფლიო ლიდერები, როგორებიცაა Coca-Cola, McDonald’s, Ikea, Metro, Cash & Carry, Kempinski, Hilton, Accor, WalMart, PepsiCo, Marks&Spenser და სხვ.

„Diversey”-ის ოფოციალურ წარმომადგენელს საქართველოში, კომპანია „CleanTech”-ს, როგორც სამრეწველო სამზარეულოებისა და სამრეცხაოების, ასევე დიდი ზომის შენობებისა და კომპლექსური ნაგებობების ჰიგიენასთან და სისუფთავესთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისა და მოგვარების საშუალებების ფართო სპექტრი აქვს: უმაღლესი ხარისხის სარეცხი და მოვლის საშუალებები, სადეზინფექციო პრეპარატები, შესაბამისი აღჭურვილობა, ტექნიკა და ინვენტარი, დოზირების სისტემები და ა.შ.

და ბოლოს, ის ცხრა ძირითადი უპირატესობა, რომელიც აქვს „Diversey”-ისთან და საქართველოში მის წარმომადგენლობასთან, კომპანია „CleanTech”-თან თანამშრომლობას:

  • დასუფთავებისა და ჰიგიენის მსოფლიო ლიდერთან თანამშრომლობა
  • ყველაფერი აუცილებელი მხოლოდ ერთი მომწოდებლისგან
  • პროდუქციის შეუფერხებელი მოწოდება
  • სარეცხი საშუალებების ხარჯვის კონტროლი უსასყიდლოდ შეთავაზებული დოზატორების (დოზიმეტრების) მეშვეობით
  • ქიმიური საშუალებების ხარჯვაზე რეგულარული კონტროლი კომპანიის სერვის-ინჟინრებისა და სპეციალისტების მხრიდან
  • პარტნიორი კომპანიების პერსონალისათვის უფასო ტრენინგები სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების შესახებ
  • კომპანიის დაყენებული და დამონტაჟებული დოზატორების მომსახურება
  • ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ კლიენტთან
  • კლიენტის თვალსაჩინოებებით, სასწავლო-შემეცნებითი პლაკატებითა და ჰიგიენის გეგმებით უზრუნველყოფა.

ჩვენი კომპანია — „Dr.Rodger Service Management”-ი თავისი საქმიანობის განხორციელებისას, კომპანიაში დადგენილი მაღალი სტანდარტების დასაცავად და საუკეთესო ხარისხის მისაღწევად მჭიდროდ თანამშრომლობს „CleanTech”-თან და აქტიურად იყენებს „Diversey”-ის პროდუქციას.

 

გმირები ჩვენს კომპანიაში — ნატო ბრეგვაძე

უფლისთვის და კაცისთვისაც სიკეთისა და სანთლის მიმცემი ფუტკრები, თურმე  თავისი სიცოცხლის განმავლობაში რამდენიმე პროფესიას იცვლიან: დამლაგებელი, ძიძა, მტვირთავი, მშენებელი, მომპოვებელი, აფთიაქარი, შემქმნელი და სხვ. მთელ სიცოცხლეს ასე შრომაში ატარებენ. ალბათ ამიტომაცაა, რომ მშრომელ და მუყაით ადამიანს ფუტკარს ადარებენ და „ფუტკარივით ფუსფუსებსო“ ამბობენ. ქალბატონი ნატო ბრეგვაძე მხოლოდ საქმის სიყვარულისა და თავდაუზოგავი შრომისმოყვარეობის გამო არ შეგვიდარებია ფუტკარს — კომპანია „ Dr.Rodger”-ში ბოლო წლების განმავლობაში მანაც რამდენიმე პროფესია გამოიცვალა თავის ესოდენ წარმატებული კარიერის მანძილზე.

პროფესიით საოპერაციო მედდამ  „Dr.Rodger”-ში მუშაობა 2007 წელს ერთ რიგით და ჩვეულებრივ დამლაგებლად დაიწყო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ძალიან რთულ და საპასუხისმგებლო ობიექტზე თავისი მუყაითობით ისე გამოიჩინა თავი, რომ მისვლიდან სულ რაღაც ორიოდე თვეში ცვლის უფროსის თანამდებობაზე დანიშნეს, ხოლო ერთი წლის განმავლობაში — მენეჯერიც გახდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აეროპორტის, როგორც ძალიან დიდი, მრავალფუნქციური და ხალხმრავალი ობიექტის მენეჯერობა ადვილი საქმე არ არის და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ამიტომ ასეთ ობიექტზე საქმის წარმართვას გამოცდილი დამსაქმებელი მხოლოდ დამსახურებულ და საიმედო თანამშრომელს ანდობს.  კომპანია „Dr.Rodger”-მა სულ ახლახან კიდევ ერთხელ დაუფასა ერთგულება ნატოს და უფრო დიდი ნდობა გამოუცხადა, როდესაც სახელმწიფო და საჯარო უწყებების პროექტმენეჯერად დააწინაურა.  ნატოს კარიერა ნათელი მაგალითია იმისა, რომ კომპანია „Dr.Rodger”-ი სისტემატიურად ზრუნავს თავისი თანამშრომლების განვითარებაზე და მონდომების შემთხვევაში, აძლევს მათ კარიერული ზრდისა და წინსვლის რეალურ შესაძლებლობას.

,,მიუხედავად იმისა, რომ ორმოცდაათამდე  ობიექტის მეთვალყურეობა მაკისრია, მიმაჩნია, რომ აქ, „Dr.Rodger”-ში ჩემი რესურსი და შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ ამომიწურავს ბოლომდე და ჩემს კომპანიას კიდევ ვჭირდები. ჩემთვის დიდი პატივია ვიმუშაო და ვიყო იმ კომპანიის თანამშრომელი, რომელიც არ მზღუდავს არაფერში  და სრულ თავისუფლებას მაძლევს დამოუკიდებლად განვახორციელო ჩემი შრომითი საქმიანობა, რასაკვირველია კომპანია „Dr.Rodger”-ში დადგენილი მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისად“ — ამბობს ნატო და ამატებს, რომ მიუხედავად სხვა დამსაქმებელთა მომხიბვლელი შეთავაზებებისა, ვერ წარმოუდგენია „Dr.Rodger”-ის გარეთ მუშაობა კი არა, არსებობაც კი და სწორედ ამიტომ არის აქ უკვე ათი წელზე მეტია.

ქალბატონი ნატო მეტად საინტერესო ადამიანია: არის მიზანსწრაფული,   ქარიზმატული და შემოქმედებითი პიროვნება. აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სამსახურის საქმისადმი გამოირჩევა სერიოზული და კეთილსინდისიერი  დამოკიდებულებით.

როგორც კომპანია „Dr.Rodger”-ის ხელმძღვანელი ქალბატონი ირინა ჭელიძე აღნიშნავს, ნატომ სწრაფად აითვისა კომპანიის ხარისხის კრიტერიუმები და მოთხოვნები, არის ძალიან აქტიური, ყოველთვის ბოლომდე მიყავს დაწყებული საქმე. არის კომუნიკაბელური და კარგად მუშაობს გუნდთან ერთად. ამავდროულად აქვს ლიდერის თვისებები, რომლებიც მან  ჯერ კიდევ აეროპორტში მუშაობისას  გამოავლინა.  აქვს სწრაფვა განვითარებისკენ, სიახლეებისკენ და კიდევ —  მუდმივად ცდილობს მიაღწიოს დასახულ მიზანს, შეასრულოს ამოცანა.

„33 წლის ასაკში ვისწავლე ავტომობილის მართვა და ავიღე მართვის მოწმობაო“- სიამაყით ამბობს ნატო და უფრო მეტი სიამაყით აგრძელებს, რომ  არის კარგი დედა, ჰყავს სამი შვილი და არაჩვეულებრივი მეუღლე — ბატონი ნიკოლოზი, რომელიც მისი თანამდგომი და მხარდამჭერია ყველგან, ყოველთვის,  ნებისმიერ საქმეში.

აქვე რამდენიმე პატარა თუ დიდი საიდუმლოც უნდა გავამხილოთ: ქალბატონი ნატო არაჩვეულებრივი  კულინარია, უყვარს ქსოვა, თავისუფალ დროს უყურებს ფილმებს და უპირატესობას ქართულ კინემატოგრაფს ანიჭებს. მაგრამ ყველაზე მეტად თურმე წიგნების კითხვა ჰყვარებია. მისი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი, სხვა დანარჩენი უამრავი ქალბატონი მკითხველისაგან განსხვავებით,  შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეარში“ თვითონ ჯეინ ეარია და არა ქალების კერპი, მომხიბვლელი მისტერ როჩესტერი, რადგან მიაჩნია, რომ ამ ცხოვრებისეულ დრამაში ქალი პერსონაჟი ბევრად უფრო ძლიერი პიროვნებაა, ვიდრე ეგოისტი და მედიდური მამაკაცი. მამაკაცი პერსონაჟებიდან მოსწონს ცნობილი დეტექტივი და გამომძიებელი ერკიულ პუარო. სიამოვნებით კითხულობს ცვაიგის ნოველებს. განსაკუთრებით ეტრფის პოეზიას: კითხულობს  გალაკტიონს, ნიკოლოზ ბარათაშვილს და კიდევ რა უყვარს ქალბატონ ნატოს, ამას თვითონვე გვეუბნება საკუთარი ლექსით:

,, იცი, მე რა მიყვარს?

უეკლო გზა…

ვარსკვლავებით მოჭედილი უღრუბლო ცა,

ანკარა მდინარე, წკრიალა ხმა,

ნიავის ჩურჩული  ,,მე შენ მიყვარხარ“,

ჩიტების ჟღურტული, ბულბულის ხმა,

სიყვარულზე სიმღერა და მისი ხმა…

ამბორი ბუნების, ძახილი კვლავ,

სიტყვები ზეციდან „მე შენ მიყვარხარ“.

დიახ, ბატონებო, ნუ გიკვირთ, ეს ლამაზი სიტყვები ქალბატონ ნატოს ეკუთვნის და კიდევ ბევრი ლამაზი ლექსი აქვს.

ქალბატონო ნატოზე საუბარს მისივე უსაყვარლესი მწერლის, ბატონ ოთარ ჭილაძის სიტყვებით დავამთავრებთ: ,,თითოეულ დღეს სიგრძეზე მეტი სიღრმე აქვს, რომელიც შეიძლება წელიწადსაც კი გაუტოლდეს… გისურვებთ გეპოვნოთ სიცოცხლის არსი, გეცხოვროთ ღირსეული და ლამაზი ცხოვრებით..“, როგორც ამას ქალბატონი ნატო და მისი კომპანია „Dr.Rodger”-ი აკეთებს.

„ესემესები“ რეცხვის ტექნოლოგიაში

სისუფთავე ჯანსაღი და კომფორტული ცხოვრების საფუძველია და მის უზრუნველყოფაში გვეხმარება არა მარტო კარგად და სწორად შერჩეული საყოფაცხოვრებო ტექნიკა (მტვერსასრუტი) და სპეციალური მოწყობილობები (ჰაერის გამწმენდები, დამატენიანებლები, იონიზატორები), არამედ ქიმიური სარეცხი საშუალებებიც.

თუ იკითხავთ რას ნიშნავს „ესემესი“, უმრავლესობა გიპასუხებთ, რომ ეს არის ერთი მობილური ტელეფონიდან მეორე ტელეფონზე გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება. მაგრამ იმავე კითხვით ქიმიკოსს თუ მივმართავთ, ის დაუფიქრებლად აგვიხსნის, რომ  ესემესი არის  სინთეტიკური მრეცხავი საშუალება (რუს.: Cинтетические Моющие Средства), რომელიც  ჩვენი დასაბანი (შამპუნები) და ასევე  ჭურჭლისა და ტანსაცმლის, თეთრეულის სარეცხი საშუალებების შემადგენელი ძირითადი ნივთიერებაა.

პირველი სარეცხი საშუალება — ჩვეულებრივი საპონი — 5 ათასი წლის წინ თუ „გაჩნდა“, პირველი სინთეტიკური სარეცხი საშუალება კი სულ რაღაც ასიოდე წლის წინ, 1916 წელს ბელგიელმა ქიმიკოსმა ალბერ რეიხლერმა გამოიგონა.

თანამდროვე სარეცხი საშუალება რთულ ქიმიურ ნაერთს წარმოადგენს და შეფუთვაზე ძალზე წვრილი შრიფტით, თითქოს მის მწარმოებლებს ეტიკეტისთვის ქაღალდი დაენანაო, მაგრამ მაინც აწერია პრეპარატის ქიმიური შემადგენლობა და მოხმარებისას გასათვალისწინებელი შესაძლო საფრთხეები.

საშუალო ხარისხის და საშუალო ღირებულების სარეცხი საშუალება შეიცავს ათ ძირითად კომპონენტს:

  1. ზედაპირული აქტიური საშუალება (ზას) — რომელიც უმეტეს შემთხვევაში, წარმოადგენს სამნაირი სარეცხი საპნის ნარევს;
  2. ფერმენტები — ჩვეულებრივი კუჭის წვენის ენზიმებისა და კოენზიმების ნარევი, რომლის ფუნქციაა საკვებისა და სისხლის ლაქების დაშლა და მოქმედებს  მხოლოდ 40 °C ტემპერატურამდე წყალში;
  3. მათეთრებელი — ქიმიური (ჭუჭყის ლაქების საწინააღმდეგო) და ოპტიკური (ბრწყინვალება და სიხასხასე) ეფექტისთვის;
  4. პოლიმერები — აშრევებს ჭუჭყის ფენებს და არ აძლევს ხელახალი შეერთების საშუალებას;
  5. სილიკატები — იცავს სარეცხ მანქანას კოროზიისაგან;
  6. ნატრიუმის სულფატი — ხელს უწყობს გავლების პროცესს;
  7. არომატიზატორი — ქსოვილს ანიჭებს სასიამოვნო სუნს;
  8. ქაფის სტაბილიზატორი — ხელს უწყობს აქაფებას და ქაფის შენარჩუნებას;
  9. საღებავები — იცავენ  ფერად ქსოვილს გახუნებისაგან;
  10. ფოსფატები — …

ეს უკანასკნელი წარმოადგენს სარეცხი საშუალებების ყველაზე საშიშ კომპონენტს. იმიტომ, რომ ქსოვილზე შემთხვევითად დარჩენილმა მისმა უმცირესმა ნაწილაკებმაც კი შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სერიოზული გართულებები, როგორიცაა იმუნიტეტის დაქვეითება, ალერგიული რეაქციები, ღვიძლის, თირკმლის, ფილტვისა და თავის ტვინის დაზიანებები, ავთვისებიანი წარმონაქმნების განვითარებამდეც კი. ამიტომაც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ფოსფატების შემცველ სარეცხ საშუალებებს აღარ აწარმოებენ.

ამიტომ სარეცხი საშუალებების შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ მისი ქიმიური შემადგენლობა, ყურადღება მიაქციეთ სარეცხ საშუალებებზე გამოსახულ გამაფრთხილებელ სიმბოლოებს და დაიცავით უსაფრთხოების წესები სარეცხი საშუალებების გამოყენების დროს. ამასთან, გვახსოვდეს, რომ ყველა სარეცხი საშუალების შეფუთვაზეა დატანილი გამაფრთხილებელი სიმბოლოები და ამიტომ სასურველია, ვიცოდეთ მათი მნიშვნელობაც:

  • ESSENTIALLY NON-HAZARDOUS — სარეცხი საშუალების გამოყენება არ არის საშიში და არ საჭიროებს სპეციალურ დამცავ საშუალებებს.
  • TOXIC — სარეცხი საშუალება შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ დამცავი საშუალებები .
  • IRRITANT–HARMFUL — სარეცხი საშუალება იწვევს კანის გაღიზიანებას და გამონაყარს. მისი გამოყენება არ შეიძლება დამცავი ხელთათმანის გარეშე.
  • CORROSIVE — სარეცხი საშუალება იწვევს კანის დამწვრობას. ხსნართან მუშაობის დროს უნდა გამოვიყენოთ ქიმიურ საშუალებებთან სამუშაო ხელთათმანი, დამცავი  სათვალე და სპეციალური ნიღაბი.
  • FLAMMABLE — სარეცხი საშუალება არის აალებადი. შენახვის და გამოყენების დროს უნდა მოვარიდოთ ცეცხლის კერას. (ბუნებრივი აირის ღუმელი, სანთებელა, ასანთი, ბუხარი და ა.შ.)
  • DANGER FOR THE ENVIRONMENT — სარეცხი საშუალება შეიცავს გარემოსათვის საზიანო შემადგენლობას. (მწვანე ტექნოლოგიის შემოღების შემდეგ ზემოთ აღნიშნული ნიშნის მქონე სარეცხი საშუალებები აღარ იწარმოება, მაგრამ შეიძლება შემორჩენილი იყოს სადმე).

გმირები ჩვენს კომპანიაში — ზაჰიტ ფაშაევი

წარმოგიდენთ ჩვენი კომპანიის ერთ ძალიან საინტერესო და სხვებისგან გამორჩეულ, ვეტერან თანამშრომელს — ბატონ ზაჰიტ ფაშაევს.

ზაჰიტ ფაშაევი  ჩვენი  ვეტერანი  იმიტომ, რომ აგერ  უკვე ათი წელია რაც ჩვენს კომპანიაში მუშაობს.

საინტერესოა იმიტომ, რომ იგი უნივერსალური, მრავალფუნქციური თანამშრომელია.  არის ყველგან და დაუზარებლად აკეთებს ყველაფერს — ასუფთავებს შენობების ფასადებს, ყოველგვარი სიმაღლის შიშის გარეშე წმენდს მინებს, რეცხავს ხალიჩებს. ამასთან, ზაჰიტ ფაშაევი საკმაოდ საინტერესო პირადი ცხოვრებითაც ცხოვრობს. ჰყავს არაჩვეულებრივი ოჯახი — მეუღლე ნათია ჯაფოშვილი და ორი შვილი, ქალ-ვაჟი. მას წარსულიც არანაკლებ საინტერესო აქვს. თინეიჯერობის ასაკში წარმატებით თამაშობდა  კალათბურთსა და ფეხბურთს. ზაჰიტს სწორედ ეს მდიდარი სპორტული გამოცდილება ეხმარება სამსახურში ხარისხიანად, დაუღალავად და იოლად აკეთოს ის საქმე, რომელიც სხვებისგან მეტ ძალისხმევას მოითხოვს.

ზაჰიტ ფაშაევი  გამორჩეულია იმიტომ, რომ დაბადებიდან ყრუ-მუნჯია. მაგრამ ეს ფაქტი პრობლემას არ უქმნის არც მას და არც მის გარშემო მყოფებს. მართალია, მეტყველების უნარი შეზღუდული აქვს და არც სხვების საუბარი ესმის, მაგრამ იგი გვესაუბრება თვალებით, ღიმილით, სახის მიმიკებით, ხელის თითებით… და სულ არ  ეშლება ხელი იმაში, რომ იყოს საოცრად თბილი, გულისხმიერი ადამიანი, საუკეთესო მეოჯახე და კვალიფიციური თანამშრომელი, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საკეთებელს.

მიუხედავად იმისა, რომ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმება და შრომის უფლების რეალიზება დღემდე რჩება სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად და პრობლემად, და მის გადასაჭრელად განვითარებული ეკონომიკის მქონე ბევრ ქვეყანაშიც კი დამსაქმებლების მიმართ სხვადასხვა წამახალისებელ (გადასახადებისაგან გათავისუფლება, შეღავათები) ან სადამსჯელო-იძულებით (საჯარიმო სანქციები) მექანიზმებს იყენებენ, ჩვენმა კომპანიამ ეს ნაბიჯი საკუთარი სურვილით და კეთილი ნებით გადადგა და დღეს კომპანიაში ზაჰიტ ფაშაევის გარდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  5 პირია  დასაქმებული, რომლებიც  თავდაუზოგავად იღწვიან როგორც საკუთარი, ასევე, კომპანიის წარმატებისათვის.

ჩვენს კომპანიაში პირველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ზაჰიტ ფაშაევის შრომითი ბიოგრაფია დაიწყო ასე: 2007 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის შემდგომი დასუფთავების სამუშაოების პროცესში ჩვენს კომპანიას თხოვნით მიმართა საქართველოს ყრუთა კავშირის ადმინისტრაციამ, კავშირის ყრუ და სმენადაქვეითებული წევრების  დასაქმების  თაობაზე. ჩვენც სიამოვნებით მივიღეთ ეს ინოვაციური და  საინტერესო შეთავაზება და შედეგმაც არ დააყოვნა. ამისთვის მხოლოდ ზაჰიტის მაგალითიც კმარა. მან ჩვენი კომპანიის ხელშეწყობით სრულად მოახდინა საკუთარი თავის რეალიზება. ის თანასწორ პირობებში და თავისი არჩევანის შესაბამისად აკეთებს საყვარელ საქმეს. ზაჰიტ ფაშაევმა  კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ადამიანები, რომელთა შესაძლებლობებსაც საზღვრები არა აქვთ, გმირები ხდებიან.

დასუფთავების სერვისის მომწოდებლის შერჩევასთან დაკავშირებული პრობლემები

საბედნიეროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში დალაგება-დასუფთავების სერვისზე დიდი მოთხოვნილებაა.  შესაბამისად, ამ სერვისის მომწოდებელი ორგანიზაციებისა და კომპანიების ფართო არჩევანიც არსებობს. მაგრამ კვალიფიციური, კეთილსინდისიერი, შესაბამისი აღჭურვილობისა და რესურსის მქონე  და ამავდროულად, გარანტირებული შედეგის მომცემი კომპანიების რიცხვი სამწუხაროდ, არც თუ ისე ბევრია.  ამიტომ იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც სერიოზულად ზრუნავენ საკუთარ იმიჯსა და პრესტიჟზე, (და მათ შენარჩუნებაზეც) დასუფთავების სერვისის მომწოდებელი ორგანიზაციის თუ ფირმის შერჩევა ცალსახად რთული პროცესია: სატენდერო წინადადებების და მოთხოვნების სწორად მომზადება,  რამდენად სასურველ და მისაღები აღმოჩნდება ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია და რამდენად სრულად და ხარისხიანად უზრუნველყოფს ის ხელშეკრულებით განსაზღვრულ  ვალდებულებებს.

ტენრდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იწყება მთავარი — ურთიერთობა შემკვეთსა და კონტრაქტორს შორის. ამასთან, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ დალაგება-დასუფთავების კონტრაქტორი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოსა და მისი საქმიანობის ყოველდღიური შედეგები იშვიათად შემთხვევაში თუ აკმაყოფილებს ხოლმე დამქირავებლის მოთხოვნებს.  როგორც იტყვიან — ,,სხვისმა გაკეთებულმა საქმემ გული მატკინა, ჩემმა გაკეთებულმა კი წელიო“.

იმისათვის, რომ პირველივე სამუშაო დღესვე არ მოგიხდეთ შესრულებული სამუშაოს საგულდაგულო შემოწმება და მერე წერილებისა და საჩივრების წერა და ტელეფონზე რეკვა ხან თქვენს და ხან დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელობასთან,  წინდაწინვე დაგეგმეთ პერიოდული შეხვედრები დასუფთავების კომპანიის ხელმძღვანელობასთან და დასუფთავების ხარისხის კონტროლზე პასუხისმგებელ თქვენივე ორგანიზაციის  თანამშრომლებთან ერთად. ამ შეხვედრებზე მოითხოვეთ აღებული ვალდებულებების შესრულება და შეათანხმეთ თქვენთვის სასურველი და აუცილებელი სისუფთავის ხარისხი და მისი სტანდარტები.

იმ შემთხვევებში, როდესაც დასუფთავების კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაო მაინც არ აკმაყოფილებს დამქირავებლის მოთხოვნებს,  დამქირავებელმა კონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელობას შეიძლება:

  • წაუყენოს პრეტენზიები, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით.
  • წარუდგინოს სისუფთავის ხარვეზების ამსახველი ვიდეო ან ფოტო მასალა.
  • დაუსახოს ხარვეზების გამოსწორების გეგმა.
  • მისცეს სიტუაციის გამოსწორებისათვის გონივრული ვადა.
  • ან შესთავაზოს ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა.

კონფლიქტი არ გამწვავდება და ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტამდე რეალურად არ მივა საქმე, თუ ორივე მხარე, სერვისის მიმღებიც და მომწოდებელიც, ზედმიწევნით დაიცავს საკუთარ ვალდებულებებს და მეორე მხარის უფლებებს და ურთიერთთანამშრომლობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემებისა და ხარვეზების თაობაზე რეგულარულად გამართავს გულწრფელ, მშვიდ, დროულ და კონსტრუქციულ დიალოგს.

ჰიგიენის სტანდარტები ბაგა-ბაღში — კვება

ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი სხვადსხვა დროს და სხვადასხვა ინსტიტუტების  (NDI, შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida), CRRC–საქართველო) მიერ ჩატარებული კვლევებისა  და მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ბაღებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც კვებასა და სისუფთავესთან დაკავშირებული პრობლემები ყოფილა.

საკითხი იმდენად აქტუალური აღმოჩნდა, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თურმე საგანგებო რეფორმების გატარებაც დაუწყია. პირველი რეფორმა ეხებოდა საბავშვო ბაღებისთვის საკვების მიწოდების ერთობლივი ტენდერების ჩატარებას, რამაც, როგორც სააგენტოში ამბობენ, საგრძნობლად დაზოგა სახელმწიფო სახსრები და უფრო გამჭვირვალე გახადა შესყიდვების პროცესი. მეორე რეფორმით კი ბაგა-ბაღებისთვის ერთიანი მენიუები შეიქმნა, რისთვისაც:

  • სააგენტოს თანამშრომლებისაგან საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორებთან ერთად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც თავის მხრივ შექმნეს სამუშაო ატმოსფერო.
  • იხელმძღვანელეს ,,ტექნიკური რეგლამენტი — კვების ორგანიზაცია ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში» — საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის 78-ე დადგენილებითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
  • ბავშვთა კვების რეფორმის პირველ ეტაპზე შეისწავლეს უკვე არსებული მენიუები;
  • გაანალიზეს პროდუქტებზე მოთხოვნის საკითხები.
  • ჯანდაცვის სამინისტროდან მოიწვიეს შესაბამისი სფეროს ექსპერტები.
  • ხანგრძლივი მუშაობის შედეგად თბილისის 159 მოქმედი საბავშვო ბაგა-ბაღის  55 500 ბავშვისთვის შემუშავეს ერთნაირი მენიუ, რომელიც ახალი სააღმზრდელო წლიდან თბილისის ყველა ბაგა-ბაღში დაინერგა.

და ამ ყველაფრის შედეგად თურმე :

  • ერთიანი მენიუს შედეგად, ყველა თბილისელი ბავშვი, რომელ ბაგა-ბაღშიც არ უნდა დადიოდეს, ერთნაირად ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა საკვებს მიიღებს. ანუ, სახლში კედელზე თვალსაჩინოდ თუ გამოაკრავთ ,,უნიფიცირებულ“ მენიუს, კითხვა აღარ დაჭირდებათ, ,,დღეს ბაღში რა გაჭამეს შვილოო“ ან ახლობელი თუ გეტყვით, რომ  სხვა ბაღში მოსიარულე მისი ბავშვი მოიწამლა, აღარ იკითხავთ, რა იყოს ავადმყოფობის მიზეზი, კედელზე გამოკრულ ასორტიმენტს გადახედავთ და თავადვე მიხვდებით.
  • ახალ საერთო მენიუში გათვალისწინებულია როგორც ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების თანაფარდობა, ასევე კალორაჟისა (გამოთვლილი იქნა დღიური კალორაჟი, რომელიც  1580-1583 კკლ-ის ფარგლებში მერყეობს) და სასარგებლო ნივთიერებების დღიური ნორმა, რომელიც ბავშვმა აუცილებლად უნდა მიიღოს და რომელსაც თბილისში მაცხოვრებელი ბაგა-ბაღის ყველა აღსაზრდელი, რეგიონებში მცხოვრები თანატოლებისაგან განსხვავებით, თანაბრად მიიღებს, განურჩევლად მათი კონსტიტუციური ტიპისა (აღნაგობა) და ფიზიოლოგიური თავისებურებებისა.
  • მენიუში გათვალისწინებულია ეროვნულ კერძების ფართო ასორტიმენტიც: ჩახოხბილი, ჩიხირთმა, მჭადი, ხაჭაპური, ლობიანი, მაწონი.
  • სხვა ქვეყნების სამზარეულოებისადმი პატივისცემის ნიშნად შეტანილიია მეზობელი და ევროპის ქვეყნების ტრადიციული კერძები: უკრაინული ბორშჩი, სომხური ტოლმა, ფრანგული ომლეტი, იგოსლავური გულიაში, ფრანგული რაგუ და ა.შ.
  • აქცენტი გაკეთებულია იმ პროდუქტებზე, რომელთა მიღებაც აუცილებელია ბავშვის განვითარებისა და იმუნიტეტის გაძლიერებისათვის.
  • გაიზარდა აღსაზრდელთა მშობლების კმაყოფილების ხარისხი.
  • აღარ არსებობს ცალკეული ბაგა-ბაღის მიერ მენიუს ინდივიდუალურად შედგენის ვალდებულება.
  • აღარ ირღვევა თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპი (რეგიონის ბავშები არ შევიმჩნიოთ, ისინი ეტყობა ისედაც სუფთა ჰაერზე იზრდებიან, ნატურალურ პოდუქტებს ღებულობენ და დამატებითი ზრუნვა აღარ ჭირდებათ).
  • და ბოლოს, დღეს ამ რეფორმის წყალობით, თბილისის ყველა ბაგა-ბაღშის კვების რაციონი მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

როგორც გვარწმუნებენ, ამ წარმატებულმა და ფრიად მნიშვნელოვანმა რეფორმამ, სხვა სიკეთეებთან ერთად, ბოლომდე უზრუნველყო უვნებელი სურსათისა და ჯანსაღი, სასარგებლო კვების მოთხოვნილების საკითხი. ამასთანავე, საკვების ხარისხის კონტროლს ბაგა-ბაღის ხელმძღვანელობა და სააგენტოს მონიტორინგის სამსახური  ახორციელებს. თურმე მთლიანად მათი დამსახურებით ყოფილა  ბაღში კვებისათვის განკუთვნილი პროდუქტები ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი.  ამიტომ, ალბათ მათი იმედით საერთოდ აღარ გაითვალისწინეს რეფორმებში საბავშვო ბაღის სამზარეულოს ჰიგიენის სტანდარტები და სასადილოს მოწყობის სანიტარული პრინციპები. მერე რა, რომ გარდა პროდუქტების ხარისხისა, სწორედ სამზარეულოს ჰიგიენა და სანიტარული მდგომარეობაა ჯანსაღ კვების განუყოფელი ნაწილი.

და კიდევ ერთი სიახლე (და არა მორიგი რეფორმა): ყველა ბაგა-ბაღს ჰყოლია ჯანმრთელობისა და ფიზიოლოგიური უზრუნველყოფის კოორდინატორი, რომელიც პროფესიით ან ექიმია, ან ექთანი. ამასთან, მისი ძირითადი მოვალეობა პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ალიმენტური ინფექციებისა და საკვებისმიერი ინტოქსიკაციის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარება და ბაღში ჰიგიენური ნორმების კონტროლიც ყოფილა.

რომელმაც იმედია, იცის რომ:

  • ადრეული და  სკოლამდელი  აღზრდისა  და  განათლების  დაწესებულებაში  საკვებით მოწამვლის  შემთხვევაში,   პერსონალსა და  ბავშვებს  შორის  მწვავე  ნაწლავური  ინფექციების აფეთქებისას,  აუცილებელია  დროულად  აცნობოს  საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივ სამსახურს.
  • მასობრივი არაინფექციური  (მოწამვლების) და  ინფექციური დაავადებების  წარმოქმნისა და გავრცელების  თავიდან  აცილების  მიზნით   არ  შეიძლება  ბავშვების  საკვებად  შემდეგი  სურსათის გამოყენება:  არაპასტერიზებული აუდუღარი რძე,  ნატურალური ხაჭო და არაჟანი; მწვანე ბარდა და წვენები თერმული დამუშავების გარეშე,  სოკო,  კრემიანი ნამცხვრები და ტორტები, მაკარონი ხორცის ფარშით. ეს ისე, ყოველშემთხვევისთვის, თორემ უკვე ისეთი მენიუა შედგენილი, რომ ცვლილებებისა და კორექტირების შეტანა ამერიკის კონსტიტუციის არ იყოს, უხერხულიც კია.

გარდა ამისა, სამზარეულოს პერსონალმა უნდა დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:

  • სამუშაოს განხორციელებისას ჩაიცვას სუფთა, სანიტარიული ნორმებით გათვალისწინებული ტანსაცმელი.
  • დაიცვას პირადი ჰიგიენის წესები.
  • არ განახორციელოს  სამუშაო  აქტივობა  ინფექციურ  დაავადებაზე  ეჭვის  არსებობის შემთხვევაშიც კი (მაღალი ტემპერატურა, სურდო, დიარეა და სხვ.).

ადრეული  და  სკოლამდელი  აღზრდისა  და  განათლების  დაწესებულების  სამზარეულოში  კატეგორიულად აკრძალულია:

  • საკვების, კულინარული  და  საკონდიტრო  ნაწარმის  მომზადების  დროს  სამკაულების ტარება, ფრჩხილებზე ლაქის წასმა.
  • სამუშაო ადგილზე საკვების მიღება და სიგარეტის მოწევა.
  • კანის დაავადების, კანზე ჩირქოვანი გამონაყარის მქონე პირების დაშვება სამუშაოზე.

და ბოლოს, ზოგადი სურათი,  როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაგა-ბაღის სამზარეულო:

  • იგი უნდა აღიჭურვოს წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის შიდა სისტემით.
  • გამოყენებული წყლის  ხარისხი  უნდა  შეესაბამებოდეს  “სასმელი  წყლის ტექნიკური  რეგლამენტის  დამტკიცების  შესახებ”  საქართველოს  მთავრობის  2014  წლის  15 იანვრის N58 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
  • კედლების მოპირკეთებული უდა იყოს  სპეციალური  ფილებით  ან  სველი წესით დალაგებისა და დეზინფექციისადმი მორგებული მასალით არანაკლებ 1,7 მ სიმაღლემდე.
  • დაცული უნდა იყოს    სისუფთავე.

ბაგა-ბაღის სამზარეულო ყოველდღიურად ექვემდებარება დალაგებას — სველი  წესით, ბავშვებისათვის უსაფრთხო სარეცხი  და  სადეზინფექციო ხსნარების  გამოყენებით  და ჰიგიენის სხვა სტანდარტების შესაბამისად.

რისთვის არის საჭირო უნიფორმა და რატომ უნდა გამოიყურებოდეს ის იდეალურად?

უნიფორმა ერთნაირი სტილის, ფორმის, უმეტესად ერთნაირი დიზაინისა და ერთგვაროვანი ქსოვილისგან შეკერილი სპეციალური (ძირითადად სამსახურეობრივი დანიშნულების)  ტანსაცმელია (ხშირად ფეხსაცმელიც), რომელიც განკუთვნილია ერთნაირი საქმიანობის ადამიანების ერთნაირი იერსახის შესაქმნელად. ასევე, ფორმა წარმოადგენს მისი მატარებელი ადამიანის ფუნქციის ერთთგვარ სიმბოლოს და  ხაზს უსვამს ამ ადამიანის კონკრეტული ორგანიზაციისადმი კუთვნილებას. სიტყვა „უნიფორმა“ გერმანული წარმოშობისაა და ლოგიკურია, რომ  ითარგმნება როგორც „ერთნაირი“. უნიფორმის „გამოგონებისა“ და მისი დამკვიდრების პატივს თითქმის ყველა ქვეყანა თავისებურად იჩემებს, მაგრამ მინიმუმ ორი ერთნაირი ,,სპეცტანსაცმელი“ პირველად ვინ, სად და როდის შეკერა არავინ იცის. ფრანგები მიიჩნევენ, რომ პირველად ერთნაირი კოსტუმები ცირკის სცენის მუშებმა ჩაიცვეს. იტალიელები უფრო შორს მიდიან და თვლიან, რომ ძველი რომის ყველა სენატორი მკაცრად განსაზღვრულ ერთნაირ — ფართო მეწამული ფერის კანტშემოვლებულ თეთრ ტოგაში (toga praeteqsta) გამოწყობილი ესწრებოდა სენატის სხდომებს. რუსები თარიღსაც კი აკონკრეტებენ: ივანე მრისხანეს მეფობიდან მოყოლებული, 1552 წლიდან მეისრეთა პოლკის ყველა ჯარისკაცს ერთნაირი ფორმა ეცვაო. სამართლიანობა მოითხოვს, უნიფორმის სამშობლოდ მაინც მკაცრი და დისციპლინის მოყვარული ქვეყანა, გერმანია ვაღიაროთ. სადაც ეს საკითხი ისეთ მაღალ დონეზეა დაყენებული, რომ მეორე მსოფლიო ომის დროიდან დღემდე მათ ჯარისკაცებს ჰუგო ბოსის დიზაინით შეკერილი სამხედრო ფორმები აცვიათ.

უნიფორმას ნებისმიერ ეპოქაში ჰყავდა ფართო მომხმარებელი: სახელმწიფო ჩინოვნიკები, სამხედრო და რელიგიური პირები, მოსწავლეები, პოლიციელები, მეხანძრეები, ვაგონ და ბორტ გამცილებლები, სპორტსმენები, სამედიცინო პერსონალი და თვით მსჯავრდებულებიც კი.

დღეს კი კორპორატიული უნიფორმი წარმატებული კომპანიის იმიჯის განუყოფელი ნაწილია. იმიჯის, რომლის შექმნაშიც თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც დამსაქმებელს, ასევე, თვითონ სპეცტანსაცმლის პატრონსაც. უნიფორმაში გამოწყობილი თანამშრომელი ხელს უწყობს კომპანიის პოპულარიზაციას, მისი ცნობადობის დონის ამაღლებას და ამისთვის იგი ლამაზად, ელეგანტურად, სუფთად და ესთეტიურად მიმზიდველად უნდა გამოიყურებოდეს და რაც მთავარია, მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს კომპანიის ,,ღირსების“ დასაცავად.

ამ ყველაფერის უზრუნველსაყოფად კი აუცილებელია, რომ უნიფორმა იყოს წესრიგში: სუფთად გარეცხილი და უნაკლოდ დაუთოებული. ნებისმიერი უნიფორმა — მარტივი წინსაფრიდან დაწყებული და რთული სპეცაღჭურვილობით დამთავრებული — სწორად და ხარისხიანად თუ არ ირეცხება,  მალე იცვითება, კარგავს ფორმასა და მიმზიდველობას, რაც საბოლოო ჯამში ცუდად მოქმედებს კლიენტის დამოკიდებულებაზე და უარყოფითად აისახება კომპანიის პრესტიჟზე.

გარდა ამისა, გაურეცხავი ან ცუდად გარეცხილი უნიფორმის ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაავადება, სხვადასხვა ინფექციის გავრცელება, რაც შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს როგორც სპეცტანსაცმლის მფლობელის ჯანმრთელობისთვის, ასევე,  იმ ადამინებისთის, ვისაც უწევთ მასთან კონტაქტი. შესაბამისად ინფექციის გადადების საფრთხე ემუქრებათ როგორც მის კოლეგებს, ასევე, კომპანიის კლიენტებსაც.
სახლის პირობებში საყოფაცხოვრებო ფხვნილების გამოყენებისა და საყოფაცხოვრებო სარეცხ მანქანაში (რომლის ტემპერატურაც ვერ უზრუნველყოფს ბაქტერიებისა და სხვა საშიში მიკროორგანიზმების განადგურებას) რეცხვის დროს ყოველი რეცხვის შემდეგ, მატულობს უნიფორმის ცვეთის ხარისხი, ქსოვილი კარგავს ფორმას და მოხმარებისათვის გამოუსადეგარი ხდება. შესაბამისად,  კომპანიას მინუმუმ ორჯერ უფრო ხშირად უწევს ახალი უნიფორმის შეძენა, რაც, შესაბამისად, იწვევს კომპანიის ხარჯების გაუთვალისწინებელ ზრდას.

ამიტომ იმ პრინციპით, რომ ,,ძუნწი ორჯერ იხდის“ ან ,,მე არც ისეთი მდიდარი ვარ, რომ იაფფასიანი შევიძინო“, დამსაქმებლებს არ უნდა დაენანოთ სახსრები და არ უნდა მოერიდოს ხარისხიანი ქსოვილისგან შეკერილი უნიფორმის შეძენისა და შემდეგ მისი სისუფთავის შენარჩუნებისათვის აუცილებელ ხარჯებს. მით უფრო, რომ გარეცხვის და ქიმიური წმენდის  პროცედურები, თუნდაც  კომპანიის გარეთ არსებულ  სამრეცხაოებში ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე განუწყვეტლად და ხშირ-ხშირად ახლის ფორმის შესაძენად საჭირო სახსრები, აღრაფერი რომ ვთქვათ უნიფორმის ადგილზე რეცხვისათვის აუცილებელი დროისა და ადამიანური რესურსების ხარჯვაზე. ხოლო რაც შეეხება უნიფორმის ვიზუალურ მხარეს, მარკეტინგის ექსპერტთა კვლევების თანახმად, მომხმარებლები  და ვიზიტორები კომპანიის დონეს, მდგომარეობასა და ღირებულებებს ძალიან  ხშირად აფასებენ უნიფორმის გარეგნული მდგომარეობის მიხედვით. სწორედაც ამ ღირებულებებისა და მაღალი ხარისხის შენარჩუნებისათვის დამსაქმებლებმა, მენეჯერებმა და კომპანიის თითოეულმა თანამშრომელმა კარგად უნდა იცოდეს, რომ პროფესიანულური სარეცხი მანქანები და შესაბამისი სარეცხი ხსნარები გარანტიას გვაძლევს, რომ  უნიფორმას მრავალჯერადი გარეცხვის შემდეგაც შეუნაარჩუნდება კარგი ვიზუალური მდგომარეობა და ამავე დროს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, იქნება ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო, და საბოლოოდ, წარმატებისა და  ფინანსური მოგების მომტანი.